საქართველოს პროკურატურამ ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 26 მარტს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს არ მისცა საშუალება თავიანთი პროფესიული საქმიანობა განეხორციელებინათ და ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულა შეეწყვიტათ სატელევიზიო სიუჟეტის გადაღება და გავრცელება.
„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.