ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თეირანი შეერთებულ შტატებთან არანაირ დიალოგში არ მონაწილეობს და უარყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებები ორ მხარეს შორის კონტაქტების შესახებ. ამის შესახებ ირანის სახელმწიფო სააგენტო Mehr News იუწყება.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-სა და თეირანს შორის დიალოგი არ მიმდინარეობს და რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები „ენერგომატარებლების ფასების შემცირებისა და სამხედრო გეგმების განსახორციელებლად დროის მოგების მცდელობის ნაწილია“.
ირანის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნებში არსებობს ინიციატივები დაძაბულობის შესამცირებლად. თუმცა, თეირანი ამტკიცებს, რომ ეს ომი მას არ დაუწყია, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა ვაშინგტონს უნდა გადაეცეს.
შეგახსენებთ, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ბოლო ორი დღის განმავლობაში „კარგი და პროდუქტიული“ მოლაპარაკებები გამართეს. მისივე თქმით, აშშ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშებს ხუთი დღით აჩერებს.