დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა განაცხადა, რომ ლონდონი კვლავაც მხარს უჭერს თავდაცვით ქმედებებს, თუმცა უარყო ბრალდებები, რომ ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტშია ჩათრეული. ამის შესახებ Sky News იუწყება.
მინისტრის განცხადება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გაკეთდა, რომლის მიხედვითაც ირანმა ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლა ინდოეთის ოკეანეში, დიეგო გარსიაზე მდებარე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საზღვაო ბაზის მიმართულებით. ბრიტანეთის მთავრობას თავდასხმა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
ჟურნალისტების კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა დიდი ბრიტანეთი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებებში, კუპერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლონდონი არ მიიღებს მონაწილეობას შეტევით ოპერაციებში, არამედ ყურადღებას გაამახვილებს მოკავშირეების თავდაცვით მხარდაჭერაზე.
„როგორც პრემიერ-მინისტრმა ნათლად განაცხადა, ჩვენ თავდაცვით მხარდაჭერას გავუწევთ ირანის ამ უგუნური მუქარის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა და არ მივიღებთ მონაწილეობას შეტევით ქმედებებში და გვსურს, რაც შეიძლება მალე ვიხილოთ გამოსავალი“, - განაცხადა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი არ ჩაერთვება უფრო ფართო კონფლიქტში, რადგან ის ცდილობს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის „რაც შეიძლება მალე მოგვარებას“.
შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ აშშ-ს უფლება მისცა, ირანში დარტყმებისთვის ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბრიტანული სამხედრო ბაზები გამოიყენოს.