უკრაინის არმიის მესამე კორპუსმა განაცხადა, რომ 19 მარტს, რუსეთმა დაიწყო ყველაზე მასშტაბური მცდელობა, გარღვევა მოეხდინა დონეცკის ოლქის ჩრდილოეთით, ლიმანი-ბოროვსკოეს მიმართულებით, რუსეთის ფედერაციის 1-ლი სატანკო არმიისა და მე-20 კომბინირებული შეიარაღებული არმიის ძალების გამოყენებით.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, მტერმა კორპუსის ზონაში ერთდროულად შვიდი მიმართულებით დაიწყო შეტევა. ოპერაციაში ჩართული იყო 500-ზე მეტი ქვეითი, 28 ერთეული ჯავშანტექნიკა და 100-ზე მეტი მსუბუქი მოტორიზებული ტექნიკა. შეტაკებები 4 საათს გაგრძელდა. „მე-3 კორპუსის ქვედანაყოფებმა რუსების სწრაფი გარღვევა მასშტაბურ ჩავარდნად აქციეს“, - აღნიშნულია პრესრელიზში.
უკრაინის არმიის მონაცემებით, ამ დროში, მტერმა დაკარგა: 84 ერთეული მოტოტექნიკა, 11 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი, ასევე 3 ტანკი. გაუნადგურდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 5 საარტილერიო ქვემეხი და 160-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინული მედიის ვნობით, რუსეთის ოპერაციის ჩაშლაში მნიშვნელოვანი როლი მე-60 ბრიგადამაც ითამაშა.
მესამე არმიის კორპუსის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ანდრიი ბილეცკიმ განაცხადა, რომ ჯარისკაცები ამ შეტევისთვის ემზადებოდნენ.
„თვენახევრის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებოდით შეტევისთვის მზადების ნიშნებს. რუსები აძლიერებდნენ მართვადი ავიაბომბებით დარტყმებს ჩვენს გადასასვლელებზე მდინარე ოსკოლზე, ცდილობდნენ ჩვენი ლოჯისტიკური უზრუნველყოფის გაწყვეტას.
მათ დაიწყეს საკუთარი პონტონური გადასასვლელების აშენება და მარშრუტებიდან ნაღმების გაწმენდა - ეს პირდაპირ მიუთითებდა ფართომასშტაბიანი მექანიზებული შეტევისთვის მზადებაზე“, - განაცხადა ანდრიი ბილეცკიმ.