აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააფართოვოს და ახლო აღმოსავლეთში კიდევ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი განალაგოს. ამის შესახებ Reuters თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ომის გაგრძელების სხვადასხვა სცენარს განიხილავს, მათ შორის სახმელეთო ოპერაციის განხორციელებას და ასევე განიხილავს ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის სამხედრო გზით ბლოკადის მოხსნას.
სააგენტოს წყაროების ცნობით, ასეთ ოპერაციას, ძირითადად, აშშ-ის საზღვაო ძალები და საჰაერო ძალები განახორციელებენ.
თუმცა, როგორც Reuters წერს, ნავთობტანკერების ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფამ, შესაძლოა, ირანის სანაპიროზე ჯარების განლაგებაც მოითხოვოს.
კიდევ ერთი სცენარი გულისხმობს სახმელეთო ძალების გაგზავნას სპარსეთის ყურეში, ხარგის კუნძულზე, რომელიც ირანული ნავთობის ექსპორტის ცენტრად მიიჩნევა.
წყაროები ამ ვარიანტს სარისკოდ მიიჩნევენ, რადგან ირანს შეუძლია კუნძულს რაკეტებითა და დრონებით დაარტყას.
გარდა ამისა, აშშ-ის ადმინისტრაცია განიხილავს ირანში გამდიდრებული ურანის მარაგების გასაკონტროლებლად ჯარების გაგზავნის საკითხს.
Reuters-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ ასეთი ამოცანა შეიძლება უკიდურესად რთული აღმოჩნდეს აშშ-ის სპეციალური დანიშნულების რაზმებისთვისაც კი.