სანქცირებული რუსული ტანკერი Arctic Metagaz, რომელიც თხევადი ბუნებრივი აირით არის დატვირთული და და ეკიპაჟის გარეშეა, ხმელთაშუა ზღვაში ლიბიის სანაპიროსკენ დრეიფობს.
BBC-ს ცნობით, გემი მნიშვნელოვნად დაზიანდა ამ თვის დასაწყისში მალტის წყლებთან ახლოს საზღვაო დრონით განხორციელებული სავარაუდო თავდასხმის დროს. ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, ის „ეკოლოგიური შენელებული ბომბია“.
ხმელთაშუა ზღვის ევროკავშირის ცხრა ქვეყანამ ევროკომისიას ერთობლივი წერილი გაუგზავნა, რომელშიც „მნიშვნელოვანი ეკოლოგიური კატასტროფის სერიოზული რისკის“ გამო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
„გემის არასტაბილური მდგომარეობა, მის სპეციალიზებულ ტვირთთან ერთად, ევროკავშირის საზღვაო სივრცის გულში მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფის პირდაპირ და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“, - ნათქვამია წერილში.
30-კაციანმა ეკიპაჟმა ტანკერი მიატოვა აფეთქებების სერიის და დრონის დარტყმის შედეგად გამოწვეული ხანძრის შემდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, მეზღვაურები ლიბიის სანაპირო დაცვამ აიყვანა და არცერთი მათგანი არ დაშავებულა.
ტანკერი Arctic Metagaz რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია და სანქცირებული რუსული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.
სრულმასშტაბიანი რუსული აგრესიის დაწყებიდან კიევი ასეთ რუსულ ტანკერებს ლეგიტიმურ სამიზნეებად მიიჩნევს, რადგან მათ მიერ გადაზიდული ტვირთიდან მიღებული შემოსავალი მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებაში ეხმარება.
კიევმა არაერთხელ აიღო პასუხისმგებლობა რუსულ ტანკერებზე თავდასხმაზე, თუმცა Arctic Metagaz-თან დაკავშირებით თავისი მონაწილეობა ჯერ არ დაუდასტურებია.