ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაჰრა ღანბარიმ, რომელიც ავსტრალიაში აზიის თასზე თამაშობდა, ავსტრალიის ხელისუფლების მიმართ თავშესაფრის მოთხოვნა უკან გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ის შვიდი სპორტსმენიდან მეხუთეა, რომელმაც გადაწყვეტილება შეიცვალა.
ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ღანბარი ავსტრალიიდან მალაიზიაში გაემგზავრება და იქიდან ირანში დაბრუნდება. ირანული მედია სპორტსმენის გადაწყვეტილებას მიესალმა.
IRNA-მ დაწერა, რომ ის „სამშობლოს წიაღში ბრუნდება“, ხოლო Mehr-მა მის ნაბიჯს „პატრიოტული გადაწყვეტილება“ უწოდა.
მანამდე განაცხადი სამმა ქალმა ფეხბურთელმა და გუნდის ერთმა წევრმა გაიწვია. ისინი მალაიზიაში გაემგზავრნენ, საიდანაც თეირანში დაბრუნდებიან.
კაპიტნის გადაწყვეტილების შემდეგ, ავსტრალიაში დარჩენას მხოლოდ ორი სპორტსმენი აპირებს.
ავსტრალიის ხელისუფლებას ღანბარის გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, ავსტრალია აზიის თასს მასპინძლობს. ტურნირი მაშინ დაიწყო, როდესაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ შეტევა დაიწყეს. ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა ტურნირის პირველი მატჩისას ჰიმნი არ შეასრულეს.
ამის შეემდეგ ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ავსტრალიის მთავრობამ ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 5 ფეხბურთელს თავშესაფარი მიანიჭა.
უფრო ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ ავსტრალიას მოუწოდა, ირანის ქალთა საფეხბურთო გუნდისთვის თავშესაფარი მიეცათ.
„ავსტრალია საშინელ ჰუმანიტარულ შეცდომას უშვებს ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ირანში იძულებით დაბრუნებით, სადაც მათ, დიდი ალბათობით, მოკლავენ. ნუ გააკეთებთ ამას, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიეცით მათ თავშესაფარი. თუ ამას არ გააკეთებთ, შეერთებული შტატები მიიღებს მათ“, - დაწერა ტრამპი Truth Social-ზე.