სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა კოლაფსის პირასაა.
„მხოლოდ სანქციები ვერ შეაჩერებს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ოთხწლიანმა სანქციებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს“, - განაცხადა მან Redaktionsnetzwerk Deutschland-თან ინტერვიუში.
„რუსეთის ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია. ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი წითლად ციმციმებს. ქვეყანა რეცესიაში ეშვება, სერიოზულ პრობლემებს განიცდის საჯარო ფინანსებთან, ინფლაციასთან და ძალიან მაღალ საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ბანკები უიმედო სესხებზე ზის, რომელიც ინდუსტრიამ აიღო საომარი მოქმედებების დასაფინანსებლად და ახლა ბიზნესებს მათი მომსახურება არ შეუძლიათ.
მისივე თქმით, რუსეთი 1998 წლის კრიზისის მსგავსი ფინანსური კრახის ზღვარზეა.
„ადრე თუ გვიან სიტუაცია აუტანელი გახდება,“ - განაცხადა დევიდ ო’სალივანმა.
მედიის ცნობით, ო’სალივანი ე.წ. „ჰემინგუეის მომენტს“ ახსენებს - როდესაც ერნესტ ჰემინგუეის ჰკითხეს, თუ როგორ ხდება გაკოტრება, მან უპასუხა: „ჯერ ძალიან ნელა, შემდეგ კი ძალიან სწრაფად“.
„დარწმუნებული ვარ, ეს რუსეთსაც ეხება“, - თქვა დევიდ ო’სალივანმა.
„მე მჯერა, რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშლება, თავიდან ძალიან ნელა, შემდეგ კი ძალიან სწრაფად. ჩვენ უბრალოდ ზუსტად არ ვიცით, როდის დადგება ეს ჰემინგუეის მომენტი“, - თქვა მან.