საკმაოდ უსიამოვნო და უსამართლო გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ჩვენი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებით ვიმგზავროთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, თუ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში წასვლას გადაწყვეტს, ვიზის აღება აუცილებლად მოუწევთ.
"ევროპარლამენტში ანტიქართული დებატები არავისთვის გასაკვირი არ არის, უკვე მე-7 თუ მე-8 რეზოლუციაა, სადაც კატეგორიულად ილაშქრებენ ქვეყნის წინააღმდეგ და ამას თითქოსდა, ხელისუფლების წინააღმდეგ ლაშქრობას არქმევენ. რეალურად უნდა შევხედოთ სიტუაციას, რა ხდება, ანუ ხელი შუწყვეს, პოლიტიკურად მხარი დაუჭირეს ექსტერმისტული პროცესების განვითარებას, შემდეგ ეს კანონი, რომელიც ამას დაუპირისპირდა და ქვეყანა დესტაბილიზაციისგან გადაარჩინა, ეს კანონი იქნა გამოყენებული პოლიტიკური შეტევის გარკვეულ საფუძვლად. ვიზების აღება აუცილებელია, თუ კი წასვლა გადავწყვიტეთ. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით, ამ ეტაპზე ჩემზე კომპეტენტურები იტყვიან, თუმცა, ფაქტია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. საკმაოდ უსიამოვნო და უსამართლო გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ჩვენი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებით ვიმგზავროთ, - განაცხადა ვოლსკიმ.