აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით კომუნიკაციები მიმდინარეობს და „მომდევნო კვირებში დამატებითი პროგრესია მოსალოდნელი“. ამის შესახებ უიტკოფი Х-ზე წერს.
სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ტყვეების გაცვლა შესაძლებელი გახდა შეერთებულ შტატებთან სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება.
„ამ კვირაში უკრაინამ და რუსეთმა ტყვეების კიდევ ერთი გაცვლა განახორციელეს, რის შედეგადაც 1000 ადამიანი დაბრუნდა სახლში, ჟენევაში, შეერთებული შტატების მონაწილეობით ბოლო სამმხრივი მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად. ეს გაცვლა შესაძლებელი გახდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით ჩატარებული ხანგრძლივი და დეტალური სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად.
პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ჩვენ ვაგრძელებთ მნიშვნელოვან პროგრესს სამშვიდობო შეთანხმების ფორმულირების კუთხით, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ომს. მოლაპარაკებები (discussions) მიმდინარეობს და მომდევნო კვირებში შემდგომი პროგრესი მოსალოდნელია,“ - წერს უიტკოფი.