თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის თინა ხიდაშელის განცხადებით, ირაკლი რუხაძემ საკუთარი თავი სანქციებისგან გადაირჩინა, როდესაც ტელეკომპანია "იმედის" წილები გაასხვისა.
"რუხაძე წავიდა ზუსტად იმიტომ, რომ მან იცოდა, რა მძიმეა სანქციები, რომლის წინაშეც ის რამდენიმე დღეში აღმოჩნდებოდა და გაასწრო. იმიტომ, რომ ეს სანქციები იმას ნიშნავს, რომ ანგარიშებია დაყადაღებული, პრობლემები ექმნება გადარიცხვებს, პრობლემები ექნება მათ მიერ ქონების განკარგვას მათ შორის მეორე და მესამე შუამავალი კომპანიების მხრიდან.
ბატონმა რუხაძემ თავისი თავი, ექსკლუზიურად და ინდივიდუალურად საკუთარი თავი გადაირჩინა და ყველა სხვა დანარჩენი შეატოვა ამ სანქციებს. ზუსტად ასე მოექცევათ მათ ბიძინა ივანიშვილიც და ასე მოექცევათ ყველა, იმ მომენტში, როდესაც თვალნათლივ დაინახავენ, ხელშესახები გახდება პირადად მათთის პრობლემა. თუ მოასწრებენ გაქცევას, ისინი გაიქცევიან და ეს არის ერთგვარი სანიმუშო მაგალითი, მაგალითი დასამახსოვრებლად ყველასთვის, რომ არასდროს ბოროტი საქმის მსახურება, არ შეიძლება რაიმე წარმატებთ ან კეთილად დასრულდეს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა "ტვ პირველის" ეთერში.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.