ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ დებატებზე არ დასხდებიან და რაღაც პირობებს აყენებენ, ქვეყანასთან არიან დაპირისპირებული. სალაპარაკო არაფერი აქვთ და რაღაც მიზეზებს იგონებენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ქვეყანასთან დაპირისპირებული ადამიანები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ დებატებზე არ დასხდებიან და რაღაც პირობებს აყენებენ. მდგომარეობა მძიმეა და დებატებს იმიტომ ვთავაზობთ, რომ საზოგადოებამ დასკვნები გამოიტანოს. დებატები საჭიროა, ადრე თუ გვიან უნდა დაიწყოს, რადგან საზოგადოების დაყოფის იდეა და ამ მიზნით უამრავი ფულის ხარჯვა დივერსიის ერთ-ერთი ფორმაა. ეს დივერსია საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება. ვინც ბოროტება ჩაიდინა, ვის პროფესიადაც ბოროტების ჩადენა იქცა, ის ადამიანები თავს იმართლებენ, „რეჟიმთან“ რა უნდა ვილაპარაკოთო. ეს მაშინ, როცა თავად დამნაშავეთა კლანია, შეთქმულთა ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ. მათ სალაპარაკო არაფერი აქვთ და რაღაც მიზეზებს იგონებენ. დებატების გამართვა იგულისხმება იმ ადამიანებს შორის, რომელთაც დაპირისპირებული აზრი აქვთ, მაგრამ ამავე დროს, ქვეყნის უკეთეს მომავალზე ფიქრობენ და არა იმ ხალხს შორის, ვინც დანაშაული ჩაიდინა და დღეს თავს იმართლებენ, რატომ არ შეუძლიათ დებატებში ჩართვა. მათ უტიფარი ვერსია აქვთ, თითქოს, დემოკრატიის მცველები არიან და „რეჟიმთან“ საუბარი არ უნდათ. დებატების შეჩერების მიზეზი ის იყო, რომ დებატები არ არსებობდა, ეს იყო ტოქსიკური გარემო, სადაც ადამიანები ერთმანეთს უყვიროდნენ და ვისაც უფრო მაღალი ხმა ჰქონდა, ეგონა, თავისი პროპაგანდით საზოგადოებაზე უფრო მეტ გავლენას მოახდენდა. სწორედ ამიტომ შეწყდა. დებატების გახსნაზე როცა ვსაუბრობთ, ეს იმავე ტოქსიკურ გარემოში დაბრუნებას არ გულისხმობს, რასაც მაშინ მიაღწიეს. დებატების თაობაზე განცხადებას უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ, მაგრამ არ ვგულისხმობთ, რომ იმავე ტოქსიკურ გარემოში უნდა დავბრუნდეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.