დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროპას, სრულიად შეწყვიტოს რუსული ნავთობის იმპორტი, კერძოდ, შეაჩეროს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპა „თავს არიდებს ზომებს“, რომლებიც მის მომავალს განსაზღვრავს. ამ კონტექსტში მან ახსენა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი, რომელიც კონტინენტს რუსული ნავთობით ამარაგებს.
ზელენსკიმ არგუმენტად მოიყვანა ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსულ ტანკერებს აჩერებს.
„ევროპას უყვარს მომავალზე საუბარი, მაგრამ დღესვე ერიდება ქმედებების განხორციელებას, იმ ზომების მიღებას, რომლებიც განსაზღვრავს, თუ როგორი მომავალი გვექნება, ეს არის პრობლემა.
რატომ შეუძლია პრეზიდენტ ტრამპს ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების შეჩერება და ნავთობის მიწოდების შეჩერება, ევროპას კი - არა?“ - ჰკითხა პრეზიდენტმა ფორუმის მონაწილეებს.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ნავთობის მიწოდების შეჩერებით ევროპა იცავს თავის მოსახლეობას.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ნავთობის მიწოდების შეჩერებით ევროპა იცავს თავის მოსახლეობას.
„რუსული ნავთობი ევროპის სანაპიროზე ტრანსპორტირდება, ეს ნავთობი უკრაინის წინააღმდეგ ომს უწყობს ხელს, ეს ნავთობი ევროპის პარალიზებას უწყობს ხელს, ამიტომ რუსული ნავთობი უნდა შეჩერდეს, კონფისკაცია განხორციელდეს და ევროპის სასარგებლოდ გაიყიდოს.
რატომაც არა? თუ პუტინს ფული არ ექნება, მაშინ ევროპისთვის ომი არ იქნება“, - თქვა ზელენსკიმ.
ფორუმზე გამოსვლამდე უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს შეხვდა.
ზელენსკის და ტრამპს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა და დაახლოებით 50 წუთი გაგრძელდა. ტრამპმა შეხვედრის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა.
„ზელენსკისთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა”, - თქვა მან. მისივე თქმით, რაღაც ეტაპები გასავლელი რჩება.
„ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს დასრულდება. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება“, – აღნიშნა ტრამპმა.