ამერიკელმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია) და ტომ ტილისმა (რესპუბლიკური პარტია), ორპარტიული სენატის ნატო-ს სადამკვირვებლო ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, განცხადება გაავრცელეს, რომელშიც დაგმეს გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და ნორვეგიის მიმართ ტარიფების დაწესების საფრთხე.
განცხადება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სენატორებმა ხაზი გაუსვეს, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ფინეთი, შვედეთი, დანია და ნორვეგია ამერიკის უახლოესი მოკავშირეები არიან.
„ისინი ჩვენი ნატო-ელი მოკავშირეები არიან, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ, ჩვენთან ერთად დაიღუპნენ და ამერიკა უფრო უსაფრთხო და აყვავებული გახადეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, არ არსებობს საჭიროება ან სურვილი გრენლანდიის ძვირადღირებული შესყიდვის ან მტრული სამხედრო გზით ხელში ჩაგდების, როდესაც დანიელი და გრენლანდიელი მოკავშირეები მზად არიან ითანამშრომლონ შეერთებულ შტატებთან არქტიკის უსაფრთხოების, კრიტიკული მინერალებისა და სხვა პრიორიტეტების საკითხებში გრძელვადიანი შეთანხმებების ფარგლებში.
„როდესაც ჩვენს კოლეგებს სენატიდან ხელახლა შევხვდებით, ჩვენ გადავცემთ დანიისა და გრენლანდიის ოფიციალური პირების, ასევე იმ მკვიდრი მოსახლეობის შეხედულებებს, რომლებიც ყოველდღიურად ცხოვრობენ გრენლანდიის რეალობასთან“, - განაცხადეს სენატორებმა, რომლებიც ამ კვირაში კოპენჰაგენს ეწვივნენ.
მათ აღნიშნეს, რომ გრენლანდიის ჩამორთმევაზე დაჟინებით მოთხოვნა საზიანოა ამერიკისთვის, ამერიკული ბიზნესისთვის და ამერიკის მოკავშირეებისთვის.
„ასეთი რიტორიკა ასევე ეხმარება ისეთ ოპონენტებს, როგორებიც არიან პუტინი და სი ძინპინი, რომლებსაც ნატო-ში განხეთქილება სურთ.“
ჩვენი მოკავშირეები უკეთესს იმსახურებენ, ისევე როგორც ამერიკელი ხალხი, რომლებმაც ნათლად გამოხატეს თავიანთი წინააღმდეგობა ამ მცდარი პოლიტიკის მიმართ.
იმ დროს, როდესაც ბევრი ამერიკელი ისედაც შეშფოთებულია ცხოვრების ხარჯებით, ეს ტარიფები გამოიწვევს ფასების ზრდას როგორც ოჯახებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის. მოვუწოდებთ ადმინისტრაციას, უარი თქვას მუქარაზე და დიპლომატიურ გზას დაადგეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს დანიის ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი სამხედროები გააგზავნეს გრენლანდიაში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 10%-იანი ტარიფები პირველი თებერვლიდან დაუწესდება დანიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, ფინეთს, ნორვეგიას და დიდი ბრიტანეთს. მისივე თქმით, გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება თუ არ შედგება, მაშინ პირველი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.