ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება ყველასთვის, მათ შორის იმ ინსტიტუციისთვის, რომელსაც ის წარმოადგენდა - რა თქმა უნდა, მან ყველა რისკი გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა ალბათ, არავისთვის იქნებოდა სასურველი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა,
წილოსანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
.„ბუნებრივია, რომ ოჯახის წევრები განსაკუთრებულად განიცდიან ამ ყველაფერს და ნაწყენები იქნებიან ამ კუთხით, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ითანამშრომლა გამოძიებასთან. მათ შორის, გამოძიებასთან თანამშრომლობის გაგრძელებაა ის, რომ არა სასამართლო პროცესებით, არამედ საპროცესო შეთანხმებით და ამ ფორმით დასრულდა ეს ყველაფერი. ორივე მხარე იაზრებდა ამ საკითხის სენსიტიურობას და ვფიქრობ, ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება ამ მტკივნეული, სენსიტიური და ბევრკომპონენტიანი პროცესის.
ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება ყველასთვის, მათ შორის იმ ინსტიტუციისთვის, რომელსაც ის წარმოადგენდა. ის იყო პრემიერ-მინისტრი და რა თქმა უნდა, საკმაოდ მტკივნეული და დამაზიანებელია ყველასთვის რომ ამ პოზიციაზე მყოფი ადამიანი, რომელიც საკმაოდ დიდი რეიტინგით სარგებლობდა, ამ ბრალის წინაშე აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ყველა რისკი მან გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა ალბათ, არავისთვის იქნებოდა სასურველი. მათ შორის სასამართლო პროცესები ამას უზრუნველყოფს ხომ? უამრავი მოწმე იკითხება, ფაქტი საჯაროვდება და ალბათ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღო ეს გადაწყვეტილება, რასაც ჩემი გადმოსახედიდან ნამდვილად ვეთანხმები”, - განაცხადა წილოსანმა.
მისივე თქმით, დეტალები თავისთავად მეტ სიბინძურეს ქმნის.