საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, „ნაცმოძრაობის“ ფორმალური მმართველი ვინ იქნება, რადგან ვიცით, რომ ყველა გადაწყვეტილებას იღებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მითითებებს იღებს ბიძინა ივანიშვილისგან, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.
„კიდევ არსებობს „ნაცმოძრაობა?“ მეგონა, ბიძინამ უკვე აკრძალა. მგონი, ამ პარტიისგან არაფერი დარჩა, გარდა ბიძინას ხელის კაცისა, მიხეილ სააკაშვილისა, რომელიც საათში ერთხელ წერს პოსტებს ციხიდან. პროპაგანდას თუ რამე დახმარება სჭირდება, მაშინვე მიხეილ სააკაშვილისგან იდება პოსტი პოსტზე და შემდეგ ამაზე იგება მთელი პროპაგანდა. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ამ პარტიის ფორმალური მმართველი ვინ იქნება, რადგან ვიცით, რომ ყველა გადაწყვეტილებას იღებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მითითებებს იღებს ბიძინა ივანიშვილისგან. ბოლო წლების განმავლობაში იმდენი სარგებელი „ქართული ოცნებისთვის“ არავის მოუტანია, რამდენიც მოუტანა მიხეილ სააკაშვილმა. კითხვაზეც გაგვცენ პასუხი: ჯერ ოთხი წელი სასტუმროში ჰყავდათ, ახლა გადაიყვანეს, ახლა საათში ერთხელ ინტერნეტთან აქვს წვდომა, რანაირად? სხვა პატიმრებს არ აქვთ არაფერი სათქმელი? რა თქმა უნდა, აქვთ, უბრალოდ მიხეილ სააკაშვილი პრივილეგირებული ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, რადგან მას აწყობს. ასე რომ, ახლა ორი სახელი გადანაცვლდება თუ გადმონაცვლდება, გარეთ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაინც ყველა იმ მითითებას შეასრულებს, რასაც მიხეილ სააკაშვილი მისცემს, სააკაშვილი კი იმ მითითებას მისცემს მათ, რასაც ბიძინა ივანიშვილი მისცემს“, – განაცხადა ფილფანმა.