ირანის ყოფილი შაჰის ვაჟმა, რეზა ფეჰლევიმ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდა, არ ჩაერთოს მოლაპარაკებებში ისლამურ რესპუბლიკასთან და განაცხადა, რომ თეოკრატია სუსტია და დაეცემა, თუ ირანელი მომიტინგეები შეერთებული შტატებისგან მხარდაჭერას მიიღებენ.
ფეჰლევიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ „კრიმინალურ რეჟიმთან მოლაპარაკება, რომელიც კვლავ ემუქრება ამერიკას და პრეზიდენტს, მშვიდობას ვერ მოიტანს“.
ფეჰლევის თქმით, პრეზიდენტი ტრამპი ობამა არ არის. მისი სიტყვები ირანში მომიტინგეების მხარდასაჭერად ამას აჩვენებს. ფეჰლევი ამბობს, რომ ახლა მოქმედების დროა.
„პრეზიდენტი მოქმედებისა და მშვიდობის კაცია. ახლა მას შეუძლია, იმოქმედოს ყველაზე დიდი მშვიდობის დასამყარებლად, რაც კი მსოფლიოს ოდესმე უნახავს: ირანელებისთვის ამ კრიმინალური რეჟიმის საბოლოოდ დასრულებაში დახმარების გაწევით. რეჟიმი სუსტია, ხალხი მზადაა მის დასამხობად. მათ არ სჭირდებათ ჯარები ადგილზე. მათ მხოლოდ თავისუფალი სამყაროს ლიდერის მოქმედება სჭირდებათ. ამ კრიმინალურ რეჟიმთან მოლაპარაკება, რომელიც კვლავ ემუქრება ამერიკას და პრეზიდენტს, მშვიდობას არ მოიტანს. მაგრამ ამ მამაცი მომიტინგეების მხარდასაჭერად დაუყოვნებელი ზომები ათასობით სიცოცხლეს გადაარჩენს და რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას მოიტანს. ეს იქნება პრეზიდენტ ტრამპის მემკვიდრეობა“, - წერს რეზა ფეჰლევი.