მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ თუ მისი ქვეყნისა და რუმინეთის გაერთიანების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება, ის ორი ქვეყნის გაერთიანებას მხარს დაუჭერს.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეროვნული აღორძინების მოძრაობის მხარდამჭერი ადამიანების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, რუმინეთთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, სავარაუდოდ, 1980-იან წლებში შეიძლებოდა.
„1980-იანი წლების ბოლოს იყო ეროვნული აღორძინების მოძრაობები და, რა თქმა უნდა, იყო დისკუსიები რუმინეთთან გაერთიანების შესახებ, რადგან მოლდოვა ადრე რუმინეთის ნაწილი იყო. მაგრამ იმ დროს ჩვენ არ შეგვეძლო იმის ცოდნა, თუ რამდენი ადამიანი მისცემდა ხმას, რადგან რეფერენდუმი არ ჩატარებულა“, - აღნიშნა მან. როდესაც სანდუს ჰკითხეს, მხარს უჭერს თუ არა რუმინეთთან გაერთიანებას, მან დადებითად უპასუხა.
„რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, მე რუმინეთთან გაერთიანებას მივცემდი ხმას“, - თქვა მან.
სანდუმ თავისი არჩევანი მოლდოვასა და მთლიანად მსოფლიოს გარშემო არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციით ახსნა.
„მოლდოვოს მსგავსი ქვეყნისთვის სულ უფრო რთული ხდება გადარჩენა, როგორც დემოკრატიული, როგორც სუვერენული ქვეყნის არსებობა.
მაგრამ, როგორც მოლდოვის პრეზიდენტი, მესმის, რომ არ არსებობს უმრავლესობა, რომელიც მხარს დაუჭერს რუმინეთთან გაერთიანებას, მაგრამ არსებობს უმრავლესობა, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად ვუშაობთ.
ეს გაცილებით რეალისტური მიზანია, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვაში გვეხმარება“, - დასძინა მან.