ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა დღეს რეჟიმთან დაკავშირებული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში პირველად გააკეთა კომენტარი საპროტესტო აქციებზე. იუწყება Sky News
ინტერვიუს დროს მან განაცხადა, რომ უცხო ძალებთან დაკავშირებული „ტერორისტები“ კლავენ ადამიანებს, ცეცხლს უკიდებდნენ მეჩეთებს და თავს ესხმიან სამთავრობო ქონებას.
მისი თქმით, ირანის მტრები „უწესრიგობის ორგანიზებით“ ცდილობენ „ქაოსისა და არეულობის დათესვას“.
თუმცა, მან შემრიგებლური პოზიციაც დაიკავა და განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება მზად არის, მოუსმინოს თავის ხალხს.
საპროტესტო აქციები თავდაპირველად ინფლაციის ზრდისა და ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო დაიწყო.
ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მზად არის, გადაჭრას ხალხის ეკონომიკური პრობლემები და მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შორს დაიჭირონ აჯანყებულებისა და ტერორისტებისგან.
ისინი ცდილობენ „მთელი საზოგადოების განადგურებას“, - თქვა ფეზეშქიანმა.
ირანში, უკვე მეორე კვირაა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მიმდინარეობს. თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მასშტაბური გამოსვლები ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის ფონზე დაიწყო, რამაც ქვეყანაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაცია Human Rights Activists News Agency (HRANA)-ის ცნობით, ირანში ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო საპროტესტო დემონსტრაციებისას სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა.