აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმის გამო, რომ აღნიშნული სტრუქტურები ფლანგვადი, არაეფექტიანი და მავნე გახდა.
რუბიომ აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ცენტრალური როლი ითამაშა საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებაში და რომ ამერიკის ლიდერობა „ერთმნიშვნელოვანი იყო“.
„ლიდერობა მოითხოვს რთულ გადაწყვეტილებებს და იმის ამოცნობის უნარს, თუ როდის ხდებიან მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი ინსტიტუტები ამ მიზნების მიღწევისთვის დაბრკოლებები.
„ის, რასაც ჩვენ „საერთაშორისო სისტემას“ ვუწოდებთ, ამჟამად ასობით გაუმჭვირვალე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის გადატვირთული, რომელთაგან ბევრს აქვს გადაჭარბებული მანდატები, დუბლირებული ქმედებები, არაეფექტური შედეგები და ცუდი ფინანსური და ეთიკური მენეჯმენტი“, - თქვა მან.
მისი თქმით, ის ორგანიზაციებიც კი, რომლებიც „ოდესღაც სასარგებლო ფუნქციებს ასრულებდნენ“, სულ უფრო მეტად იქცევიან „არაეფექტურ ბიუროკრატიულ სტრუქტურებად, პოლიტიზებული აქტივიზმის პლატფორმებად ან ინსტრუმენტებად, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“.
„„ეს ინსტიტუტები არა მხოლოდ ვერ ახერხებენ შედეგების მიღწევას, არამედ ხელს უშლიან მათ ქმედებებს, ვისაც ამ პრობლემების გადაჭრა სურს. საერთაშორისო ბიუროკრატიებისთვის ცარიელი ჩეკების გაცემის ერა დასრულდა. ამ კვირაში, აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად, პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა ჩვენი გასვლა 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ფლანგვად, არაეფექტურ და მავნე საერთაშორისო ორგანიზაციებად იყო მიჩნეული. საპრეზიდენტო მემორანდუმი მიზნად ისახავს დავტოვოთ არასწორად მართული, არასაჭირო, ფლანგვადი ინსტიტუტები, ინსტიტუტები, რომლებიც ცუდად ფუნქციონირებს, ჩვენი დღის წესრიგის საწინააღმდეგოდ მომუშავე აქტორების ინტერესების ქვეშ მყოფია ან ჩვენი ერის სუვერენიტეტის, თავისუფლებებისა და ზოგადი კეთილდღეობისთვის საფრთხეს წარმოადგენენ” - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, 66 ორგანიზაცია, საიდანაც აშშ-მა გასვლა გადაწყვიტა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული ანალიზის თანახმად, „არაეფექტურად, არასაჭიროდ და მავნედ“ იქნა მიჩნეული.
„ჩვენი იმ ორგანიზაციებში მონაწილეობის გაგრძელება, რომლებიც არ ასახავს ჩვენს ღირებულებებს და არ ემსახურება ჩვენს ინტერესებს, ჩვენი ეროვნული მოვალეობის ღალატი იქნება“, - განაცხადა რუბიომ.
შეგახსენებთ, აშშ-მა 66 საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორისა ვენეციის კომისია დატოვა.