დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ჯარების განლაგების მოსამზადებლად 270 მილიონ დოლარს გამოყოფს.
Reuters-ის ცნობით, კიევში ვიზიტის დროს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ თანხა მოხმარდება სატრანსპორტო საშუალებებისა და საკომუნიკაციო სისტემების განახლებას, ასევე დრონებისგან დაცვას და სამშვიდობო ძალების განლაგებისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფას.
„ჩვენ მკვეთრად ვზრდით ინვესტიციებს წვრთნებში, რათა უზრუნველვყოთ ბრიტანული ძალების მზადყოფნა უკრაინაში განლაგებისთვის, რადგან უკრაინის უსაფრთხოება ბრიტანეთის უსაფრთხოებას ნიშნავს“, - განაცხადა ჰილიმ.
აღნიშნულია, რომ ეს განცხადება გაკეთდა იმ ინფორმაციის ფონზე, რომ რუსეთმა უკრაინაზე ძლიერი ჰიპერბგერითი რაკეტა, „ორეშნიკით“, დარტყმა განახორციელა, რაც კიევის ევროპელი მოკავშირეების აზრით, მათი დაშინებისა და უკრაინის მხარდაჭერისგან გადარწმუნების მცდელობა იყო.
ჰილიმ, რომელმაც კიევის დარნიცოს რაიონში მრავალსართულიამ კორპუსზე დრონით თავდასხმის ადგილი მოინახულა, განაცხადა, რომ მშვიდობისმყოფელთა წვრთნის დაფინანსება აჩვენებს, რომ მთავრობა „ზრდის ინვესტიციებს“ უკრაინის დახმარებაში.
„ეს კაპიტალური ხარჯები ფინანსდება თავდაცვის ძირითადი ბიუჯეტიდან და ნათელ სიგნალს უგზავნის მოკავშირეებსა და მოწინააღმდეგეებს გაერთიანებული სამეფოს განზრახვის შესახებ, უხელმძღვანელოს მრავალეროვნულ ძალებს და შეასრულოს თავისი ვალდებულება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ჰილიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინული დიზაინის საფუძველზე შექმნილი, მაგრამ დიდ ბრიტანეთში წარმოებული Octopus-ის გამანადგურებელი დრონების წარმოება იანვარში დაიწყება.
იუწყებიან, რომ დიდი ბრიტანეთი, ყოველთვიურად ათასობით ასეთ დრონს გაუგზავნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რათა დაეხმაროს მათ რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან დაცვაში.