რუსული დრონი უკრაინის პორტისკენ მარცვლეულის ჩასატვირთად მიმავალ სამოქალაქო გემს თავს დაესხა. უკრაინის საზოგადოებისა და ტერიტორიული განვითარების მინისტრი ოლექსი კულება აცხადებს, რომ ოდესასთან ახლოს, სოიოთი დატვირთული გემი დაზიანდა, რის შედეგადაც სირიის მოქალაქე დაიღუპა.
„ჩერნომორსკის პორტისკენ მიმავალმა რუსულმა მოიერიშე დრონმა სენტ-კიტსისა და ნევისის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს დაარტყა, რომელიც უკრაინის საზღვაო დერეფანში მარცვლეულის ჩასატვირთად მიემართებოდა. წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლი“, - განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, გემის გადაადგილების შესაძლებლობები არ დაზიანებულა და ის უახლოესი პორტისკენ მიემართება.
„ოდესის პორტთან ახლოს ასევე დაარტყეს კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ და სოიოთი დატვირთულ გემს. სამწუხაროდ, თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის წევრი - სირიის მოქალაქე - დაიღუპა. ეს საშინელი ომის დანაშაულია!“ - აცხადებს მინისტრი.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა.
„ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი განზრახ ესხმის თავს სამოქალაქო ობიექტებს, საერთაშორისო გადაზიდვებსა და სასურსათო ლოჯისტიკას. უკრაინა ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ექსპორტის ვალდებულებების შესასრულებლად, მუდმივი თავდასხმების მიუხედავად“, - აღნიშნა კულებამ.