უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ლვოვის ოლქში, ევროკავშირისა და ნატო-ს საზღვრებთან ახლოს, განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და პარტნიორებისგან ძლიერ რეაგირებას მოითხოვს. ამის შესახებ სიბიჰა X-ზე წერს.
მისი ინფორმაციით, კიევზე თავდასხმის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი მედიკოსი, დაიღუპა და ოცზე მეტი დაშავდა. ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული თავდასხმის სამიზნე საცხოვრებელი ტერიტორიები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგია, გათბობა და წყალმომარაგება გახდა.
„ლვოვი და კიევი დღეს დილით, დნიპრო, ზაპოროჟიე, კრივი-რიჰი და სხვა რეგიონები მანამდე. თუ ომის დამნაშავე პუტინი ფიქრობს, რომ შეუძლია დაბომბვით აიძულოს უკრაინელები მისი ულტიმატუმები მიიღონ, ცდება. ასეთი თავდასხმები ჩვენს ხალხს მხოლოდ უფრო ერთიანსა და მტკიცეს ხდის აგრესიისა და ტერორისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“, - წერს სიბიჰა.
მინისტრმა დააანონსა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომის, უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომის მოწვევის, ასევე ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში შესაბამისი ზომების მიღების შესახებ.
„ევროკავშირისა და ნატო-ს საზღვართან ასეთი დარტყმა ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს და ტრანსატლანტიკური საზოგადოების გამოცდას წარმოადგენს. ჩვენ ვითხოვთ გადამწყვეტ რეაგირებას რუსეთის უგუნურ ქმედებებზე“, - წერს სიბიჰა და აღნიშნავს, რომ უკრაინა აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებს თავდასხმის დეტალებს აცნობებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე „აბსურდული“ უწოდა რუსეთის მტკიცებას, რომ უკრაინის მასიური დაბომბვა იყო პასუხი პუტინის რეზიდენციაზე უკრაინის დრონით განხორციელებულ თითქოსდა თავდასხმაზე.
„აბსურდულია, რომ რუსეთი ცდილობს ამ დარტყმის გამართლებას პუტინის რეზიდენციაზე ყალბი „თავდასხმით“, რაც არასდროს მომხდარა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოსკოვს ტერორისა და ომისთვის რეალური მიზეზები არ სჭირდება“, - წერს ის.
სიბიჰამ პარტნიორებს მოუწოდა, გადამწყვეტი ზომები მიიღონ რუსული ტანკერების ფლოტისა და აქტივების წინააღმდეგ.