უკრაინული მედიის ცნობით, 5 იანვრის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო არმიამ კიევს შეუტია, რის შედეგადაც სამედიცინო დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა და ერთი ადამიანი დაიღუპა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმიისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქის ობოლონის რაიონში მტრის თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა 4-სართულიანი სამედიცინო დაწესებულების შენობაში.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილის შემომწმებისას მეხანძრე-მაშველებმა აღმოაჩინეს ერთი ადამიანის ცხედარი. 25 პირის ევაკუაცია განხორციელდა.
გვიან ღამით თავდასხმის სამიზნე გახდა ფასტივის რაიონიც, დაიღუპა ერთი ადამიანი. დაზიანდა კერძო და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები.
ამასთან, რუსეთის კომბინირებული დარტყმის შედეგად კრამატორსკის თემში დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო ერთი დაშავდა.