ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აპირებს ვენესუელას უხელმძღვანელოს ქვეყანაში პოლიტიკური ტრანსფორმაციის პერიოდში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სავარაუდოდ, ვენესუელის ფაქტობრივი ლიდერი გახდება.
ამის შესახებ გამოცემა The Washington Post ინფორმირებულ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების ცნობით, სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რომელსაც კუბური ფესვები აქვს და კუბისა და ვენესუელის კომუნისტური რეჟიმები სძულს, ითამაშა გადამწყვეტი როლი ნიკოლას მადუროს აყვანის სპეცოპერაციის ორგანიზებაში.
„რუბიო და პრეზიდენტი ამაზე მჭიდროდ თანამშრომლობენ“ და ისინი ნამდვილად წარმართავენ ამ საქმეს, - განაცხადა ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა პირმა. წყაროს თქმით, ახლა მან ვენესუელის ახალი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს და მისი ნავთობის აქტივები მოაგვაროს.
გამოცემის ცნობით, ის, რომ რუბიო თავისუფლად ფლობს ესპანურ ენას და ლათინური ამერიკის, განსაკუთრებით ვენესუელის ოპოზიციის ლიდერებს კარგად იცნობს, მას ვენესუელის ტრანსფორმაციისთვის იდეალურ კანდიდატად აქცევს.
ვენესუელაში ოპერაციის შემდეგ, რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას მკაფიოდ მიანიშნა, რომ კუბაში არსებული კომუნისტური რეჟიმი, საიდანაც მისი მშობლები ოდესღაც გაიქცნენ, შესაძლოა, აშშ-ის ახალი სამხედრო ოპერაციის სამიზნე გახდეს.
იმის მიუხედავად, რომ ამისთვის მზადება არ შეინიშნება, კუბაზე ზეწოლა გაიზრდება სწორედ ვენესუელასთან მისი აქამდე ძლიერი კავშირების გაწყვეტით.
„ვფიქრობ, ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა, რომელიც ჩვენ, როგორც შეერთებულ შტატებს, გვაქვს ვენესუელაში ხელისუფლების ნებისმიერი პირის მიმართ, არის ის, რომ კუბის ნებისმიერი მხარდაჭერა შეწყდეს, რადგან ეს ამ რეჟიმის დესტაბილიზაციას მოახდენს და უკეთეს შედეგებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა კევინ უიტაკერმა, რომელიც ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს კოლუმბიაში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა.
ანალიტიკოსების თქმით, ვენესუელის მმართველობა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერაყში ან ავღანეთში ამერიკის სამხედრო ადმინისტრაციას დაემსგავსოს, რადგან ამისთვის ვენესუელაში ათასობით ამერიკელი მოხელისა და ათიათასობით ჯარისკაცის გაგზავნა გახდება საჭირო. თუმცა, აშკარაა, რომ ტრამპს ამის თავიდან აცილება სურს.