უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რეალისტურია იანვარში სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულება და ლიდერების შეხვედრის ჩატარება.
ზელენსკიმ ამის შესახებ კიევში გამართულ ბრიფინგზე დასავლელი ლიდერების მრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას უკვე აქვს ეტაპობრივი გეგმა მოლაპარაკებების პროცესის წინსვლისთვის.
„ჩვენი გეგმა ასეთია. ხვალ გენერალური შტაბების უფროსების („მსურველთა კოალიციის“ წევრი სახელმწიფოების) წარმომადგენლები ევროპაში გაემგზავრებიან. ისინი ერთი დღის განმავლობაში საფრანგეთში, პარიზში იმუშავებენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა პირველი დაგეგმილი ნაბიჯის შესახებ.
ამის შემდეგ, სამშაბათს, 7 იანვარს, პარიზში კოალიციის ლიდერების შეხვედრა გაიმართება.
„უსაფრთხოების დოკუმენტები საბოლოოდ დამტკიცდება. ლიდერები მრავალ სხვადასხვა საკითხს განიხილავენ, თუმცა ყურადღება უსაფრთხოების გარანტიებსა და აღდგენაზე გამახვილდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან განმარტა, რომ მოლაპარაკებების ამ ეტაპის ხანგრძლივობა საბოლოოდ დადგენილი არ არის - „ამან ერთ დღეს, ან შესაძლოა ორ დღეს გასტანოს“, - თქვა მან.
ამერიკის შეერთებული შტატებიც შეუერთდება ამ მოლაპარაკებებს და პარალელურად შეხვედრები გაიმართება პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან პარიზში.
მოლაპარაკებების ამ რაუნდების შემდეგ, უკრაინა და ევროპელები „მოემზადებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში ფართო წრის ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის“.
„ჩვენ გვსურს, რომ ეს ყველაფერი იანვრის განმავლობაში, იანვრის ბოლომდე მოხდეს. ეს არის ჩვენი დღევანდელი გეგმები“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული გეგმა არ შეიცავს მომდევნო კვირების მზადების დეტალებს და რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს.