უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოიცავდეს უკრაინაში სულ მცირე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ჯარების ყოფნას, თუმცა უკრაინა სხვა ჯარებზეც იმედოვნებს.
ზელენსკიმ ამის შესახე კიევში გამართულ ბრიფინგზე დასავლელი ლიდერების მრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების საბოლოო ტექსტი, რომელიც „სამშვიდობო“ პაკეტში უნდა შევიდეს, ჯერ არ არის დასრულებული და შესაბამისად, მნიშვნელოვანი დეტალები, მათ შორის უკრაინაში პარტნიორების სამხედრო ყოფნასთან დაკავშირებული დეტალები, ჯერ არ არის შეთანხმებული. თუმცა, ის ამ ელემენტს აუცილებლობად მიიჩნევს.
„რა თქმა უნდა, [სამხედრო] ყოფნა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. და რა თქმა უნდა, ყველა ამისთვის მზად არ არის... მაგრამ ყოფნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და თავად „მსურველთა კოალიციის“ არსებობაც კი დამოკიდებულია იმაზე, მზად არიან თუ არა ისინი გააძლიერონ თავიანთი ყოფნა“, - თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმ ქვეყნების საბოლოო რაოდენობა, რომლებიც უკრაინაში ჯარებს გაგზავნიან, მხოლოდ რატიფიკაციის პროცესის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი.
„არსებობს საპარლამენტო გადაწყვეტილება, რადგან მაშინაც კი, თუ ლიდერი მზადაა მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები, მზადაა დაეხმაროს უკრაინას, მაშინაც კი, თუ სამხედროები მზად არიან იმყოფებოდნენ უკრაინაში, კონსტიტუციის შესაბამისად, ბევრი ევროპული ქვეყნის პარლამენტის მხარდაჭერა მაინც საჭიროა. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პასუხისმგებელნი სხვა ქვეყნების პარლამენტებზე“, - აღნიშნა მან.
ზელენსკიმ თქვა, რომ კოალიციაში მონაწილე უკრაინის ცალკეულ პარტნიორ სახელმწიფოებს შეუძლიათ თავი შეიკავონ უკრაინაში ჯარების გაგზავნისგან, თუმცა არსებობს მინიმალური მოთხოვნებიც.
„[მსურველთა კოალიციის] ხელმძღვანელები არიან დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. მათი სამხედრო ყოფნა სავალდებულოა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.