ვენესუელის ლიდერმა ნიკოლას მადურომ აშშ-ის თავდასხმის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ვენესუელამ შეერთებული შტატების მხრიდან „სამხედრო აგრესიის“ შესახებ განაცხადა, - ნათქვამია მადუროს მთავრობის მიერ 3 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„მსგავსი აგრესია საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში. ასევე, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, დარტყმები დედაქალაქ კარაკასსა და მირანდას, არაგუასა და ლა გუაირას შტატებზე განხორციელდა, რის გამოც მადურომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სოციალურ და პოლიტიკურ ძალებს „მობილიზაციის გეგმების გააქტიურებისკენ“ მოუწოდა.
ვენესუელის მთავრობის განცხადებით, „აშშ-ის აგრესიის მიზანი ვენესუელის ნავთობსა და მინერალებზე კონტროლის მოპოვებაა“.