უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, კირილო ბუდანოვის ნაცვლად, ოლეჰ ივაშჩენკო დანიშნა. მანამდე ივაშჩენკო საგარეო სადაზვერვო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
„დღეიდან ოლეჰ ივაშჩენკო გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის სამსახურს და რუსული სამხედრო პოტენციალის შეზღუდვის ამოცანის შესრულებას“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ზელენსკის თქმით, ივაშჩენკოსთან შეხვედრისას მას უკრაინაში არსებული საერთო მდგომარეობისა და არსებული საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შემცირებაზე ფოკუსირებას – რაც უფრო ნაკლებს გამოიმუშავებს აგრესორი, მით უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება დიპლომატიისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება რუსული ნავთობის ექსპორტს, რომელიც შეიზღუდება და გაიაფდება. ჩვენ მსგავს მიდგომას ვიყენებთ რუსული სამხედრო წარმოების მიმართ. რაც უფრო მეტად გავწყვეტთ აგრესორის კავშირებს მსოფლიოსთან და მისი სანქციების დარღვევის სქემებს, მით უფრო დიდი იქნება ომის დასრულების მცდელობების პოტენციალი. მადლობელი ვარ უსაფრთხოების სამსახურის ამ სფეროში მუშაობისა და შესაბამისი ინფორმაციისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კირილო ბუდანოვი დანიშნა.