ევროპის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მზად არიან უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, საომარი მოქმედებების შეწყვეტიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში უკრაინაში 10 000-15 000 ჯარისკაცი გაგზავნონ. ამის შესახებ გამოცემა Die Welt იუწყება.
ბრიუსელის დიპლომატიური წრეებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ევროპელები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში.
„უკარინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლო გეგმები უკვე არსებობს. ისინი, ძირითადად, ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ექსპერტების მიერ ბრიუსელთან თანამშრომლობით შემუშავდა“, - განაცხადეს ინფორმირებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა.
აღნიშნულია, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, საომარი მოქმედებების შეწყვეტიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი განახორციელონ სახმელეთო ჯარების დახმარებით, რომელთა რაოდენობა, სავარაუდოდ, 10 000-დან 15 000-მდე იქნება.
გარდა ამისა, დიპლომატიური წრეებიდან ცნობილი გახდა, რომ „საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში გაერო-ს ან ევროკავშირის მანდატის გარეშეც“. უკრაინის მოწვევა ორივე მხარისთვის საკმარისი იქნება.
უკრაინის მეზობელმა სახელმწიფოებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა ჰაერიდან და ზღვიდან უნდა აკონტროლონ.
თურქეთი ასევე თამაშობს როლს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის შემუშავებულ გეგმებში, რადგან მას შეუძლია შავი ზღვის რეგიონის მონიტორინგი.