31 დეკემბრის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესასა და ოლქზე დრონების გამოყენებით მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც რეგიონული ცენტრის ნაწილი ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დარჩა. დაშავდა ექვსი ადამიანი.
ინფორმაციას ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰიი ლისაკი ავრცელებს.
რეგიონული ხელისუფლების განცხადებით, რუსების სამიზნე სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა. ოლქის ერთ-ერთ დასახლებაში, თავდასხმის შედეგად, ლოჯისტიკური კომპანიის საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა.
ლისაკის ცნობით, რუსულმა დრონებმა ოდესის ორ რაიონში საცხოვრებელ კორპუსებს დაარტყეს. ერთ-ერთი კორპუსის ბინებში ცეცხლი გაჩნდა.
„მტრის თავდასხმის გამო, ქალაქის ნაწილში არ არის ელექტროენერგია, წყალი და გათბობა,“ - წერს ლისაკი.
დაშავებულთა შორისაა 7 თვის ჩვილი, 14 წლის ბიჭი და 8 წლის გოგონა. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მძიმეა ერთ-ერთი დაშავებულის - 42 წლის კაცის მდგომარეობა.