რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვის მტკიცებით, ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე უკრაინის თავდასხმის მცდელობა ტერორისტული აქტია იყო და მოლაპარაკებების ჩაშლისკენ არის მიმართული.
„ნოვგოროდის რეგიონში რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობა ნამდვილად ტერორისტული აქტია, რომლის მიზანია მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლა“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
„მე არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე მტკიცებულება უნდა არსებობდეს, თუ ასეთი მასშტაბური დრონებით თავდასხმა ხორციელდება, რომელიც, საჰაერო თავდაცვის სისტემის კარგად კოორდინირებული მუშაობის წყალობით, ჩამოაგდეს“, - თქვა მან.
მისი თქმით, უკრაინა ამ ქმედებებით ასევე ძირს უთხრის ამერიკის ლიდერის, დონალდ ტრამპის ძალისხმევას. მისი თქმით, ასეთი პროვოკაციები გავლენას ვერ მოახდენს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგზე; პრეზიდენტები გააგრძელებენ ურთიერთობას.
პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი მოლაპარაკებების პროცესიდან არ გავა, თუმცა პოზიციას გაამკაცრებს.
„სამხედროებმა ასევე იციან, როგორ, რით და როდის უპასუხონ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმას“, - თქვა მან.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ, თითქოს, რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სცადა, რაც მოლაპარაკებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის გადახედვას გამოიწვევს.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცახდებით, რუსი ოფიციალური პირების განცხადებები ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმისა და უკრაინის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შესახებ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე კომუნიკაციის წარმატებაზე მეტყველებს.
„ჩვენ ძალიან კარგი სამუშაო შევასრულეთ და ის ფაქტი, რომ რუსები ახლა ცდილობენ პროგრესის ჩაშლას მორიგი ყალბი ამბებით, მხოლოდ ადასტურებს ამერიკულ მხარესთან ჩვენი შეხვედრებისა და კომუნიკაციის ხარისხს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.