თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიამ განაცხადა, რომ სამშაბათს, თურქეთის 21 პროვინციაში უსაფრთხოების ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ 357 სავარაუდო წევრი დააკავეს.
სტამბოლის გენერალურმა პროკურატურამ სამშაბათს განაცხადა, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 110 ეჭვმიტანილი დააკავეს, მათ შორის ისინი, ვინც ახალი წლის ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.
გასულ კვირას პროკურატურამ განაცხადა, რომ დაპატიმრების ორდერი გაიცა 137 ადამიანის მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან თურქეთში შობას და ახალ წელს ISIS-ის წაქეზებით ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვაში; 115 ადამიანი უკვე დაკავებულია.
„პოლიციამ 21 პროვინციაში ჩატარებული ოპერაციის დროს ISIS-ის 357 სავარაუდო წევრი დააკავა“, - დაწერა მინისტრმა X-ზე.
ოპერაცია სხვა ადგილებში, მათ შორის იალოვაშიც ჩატარდა, სადაც ორშაბათს მებრძოლთა უჯრედი იქნა ლიკვიდირებული, ასევე სტამბოლში, ანკარასა და ანტალიაში.
Reuters-ის ცნობით, ორშაბათს, თურქეთის იალოვას პროვინციაში პოლიციამ ISIS-ის ექვსი მებრძოლი მოკლა.
შეტაკებების შედეგად, სამი სამართალდამცველი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ანტიტერორისტული ოპერაცია თითქმის რვა საათს გაგრძელდა და ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს.
ტერორისტული თავდასხმების საფრთხის ფონზე, სტამბოლის ხელისუფლებამ სამშაბათს განაცხადა, რომ აკრძალა სატვირთო მანქანების შესვლა ქალაქის რვა რაიონში, მათ შორის ქალაქის ცენტრში, და გაამკაცრა შემოწმებები სავაჭრო ცენტრებში, აეროპორტებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.