რუსეთის პროვოკაციული განცხადებები პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობის შესახებ, წარმოადგენს უკრაინაზე რუსეთის შემდგომი თავდასხმების საბაბისა და ყალბი გამართლების შექმნის მცდელობას, ასევე სამშვიდობო პროცესისთვის ძირის გამოთხრასა და ხელის შეშლას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა.
„ რუსეთის მანიპულაციები „პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობასთან“ დაკავშირებით, მხოლოდ ერთი მიზეზით არის გამოგონილი: უკრაინაზე რუსეთის შემდგომი თავდასხმების ცრუ საბაბისა და ყალბი გამართლების შესაქმნელად, ასევე სამშვიდობო პროცესისთვის ძირის გამოთხრისა და ხელის შეშლის მიზნით.
ჩვეული რუსული ტაქტიკა: დაადანაშაულო მეორე მხარე იმაში, რასაც თავად აკეთებ ან გეგმავ“, - წერს სიბიჰა.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ რუსეთმა წელს უკვე დაარტყა უკრაინის მთავრობის შენობას.
გარდა ამისა, უკრაინა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებს ურტყამს - უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ.
„(...) რუსეთი აგრესორია, ხოლო უკრაინა არის ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ და რომელიც გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად იცავს თავს. არ შეიძლება აგრესორისა და იმ ქვეყნის გაიგივება, რომელიც თავს იცავს.
ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს, დაგმოს რუსეთის პროვოკაციული განცხადებები, რომლებიც მიზნად ისახავს კონსტრუქციული სამშვიდობო პროცესისთვის ძირის გამოთხრას. უკრაინა კვლავ ერთგული რჩება სამშვიდობო ძალისხმევისა, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით“, - აღნიშნა მინისტრმა.