უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებები მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს.
„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ განვიხილეთ“, - აღნიშნა ტრამპმა ზელენსკისთან მარ-ა-ლაგოში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ახლა უფრო ახლოს არიან შეთანხმებასთან.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრად უფრო ვუახლოვდებით, შესაძლოა ძალიანაც“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა: „ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ ამ ომის დასრულების საკითხში“.
ასევე ტრამპი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ერთი ან ორი ძალიან რთული საკითხი“ რჩება.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ესაუბრა ევროპელ ლიდერებსაც, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, პოლონეთის პრეზიდენტსა და ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელებს.
„ჩვენ ამ დიდებულ ლიდერებთან ვისაუბრეთ, შესანიშნავი საუბარი გვქონდა მათთან. შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მხარეებმა დაახლოებით 95 პროცენტი განიხილეს იმ საკითხებისა, რაც ომის დასასრულებლად აუცილებელია.