შაბათს რუსეთმა კიევსა და უკრაინის სხვა ოლქებზე რაკეტებითა და დრონებით მასშტაბური შეტევა ჰანახორციელა.
თავდასხმა დაახლოებით ღამის 1:30 საათზე დაიწყო და დილამდე გაგრძელდა.
როგორც The New York Times წერს, რუსეთმა ცინიკურად შეუტია უკრაინას ზელენსკისა და ტრამპს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ.
გამოცემა აღნიშავს, რომ თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მისაღწევად მნიშვნელოვანი შეხვედრის წინა დღეს მოხდა.
„უწყვეტი თავდასხმა ასახავს აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარ პრობლემას: მოსკოვმა ფაქტობრივად არ ავლენს ომის დასრულებისთვის მზადყოფნას“, - აღნიშნავს გამოცემა.
განგრძობადი სასტიკი ბრძოლების ფონზე, ტერიტორიები დიპლომატიური დავის მთავარ საკითხად რჩება.
აშშ-ის კომპრომისის თანახმად, თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიქმნება დონეცკის ოლქის იმ ნაწილში, საიდანაც უკრაინა უნდა გავიდეს, თუმცა დეტალები ჯერ არ არის შეთანხმებული.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ თუ ის ვერ შეძლებს აშშ-სგან უკრაინის „მკაცრი“ პოზიციის მხარდაჭერას ტერიტორიის საკითხთან დაკავშირებით, ის მზადაა 20-პუნქტიანი გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს - იმ პირობით, რომ რუსეთი დათანხმდება 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რათა უკრაინამ არჩევნებისთვის მომზადება და ჩატარება შეძლოს.
ზელენსკიმ ასევე განუცხადა Axios-ს, რომ აშშ-მა შესთავაზა 15-წლიანი უსაფრთხოების გარანტიები გახანგრძლივების შესაძლებლობით, თუმცა კიევს სურს უფრო ხანგრძლივი შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო დებულებებით, რათა დაიცვას თავი რუსეთის შემდგომი აგრესიისგან.
ტერიტორიის გარდა, კრიტიკული საკითხია ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი.
ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, კვირას შეხვედრა კარგად ჩაივლის და პუტინთან „მალე“ საუბარს ელის.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, განაცხადა, რომ კიევის 20-პუნქტიანი გეგმის ვერსია განსხვავდება იმისგან, რაც რუსეთმა შეერთებულ შტატებთან განიხილა.
თუმცა, მან ოპტიმიზმი გამოთქვა, რომ სიტუაციამ მოგვარების ძიებისას „გარდამტეხ მომენტს“ მიაღწია.