სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთთან შეთანხმებას მიაღწია გაზის მიწოდების მარტის ბოლომდე გახანგრძლივების შესახებ.
ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთს მომავალი ზამთრის სეზონისთვის საკმარისი ელექტროენერგია და გაზი ექნება.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ გაზის მოწოდება კიდევ სამი თვით, 31 მარტამდე გავაგრძელოთ, რათა ხალხმა საიმედოდ იგრძნოს თავი და მშვიდად დაიძინოს“, - თქვა მან.
ვუჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ „გაზპრომის“ წარმომადგენლები აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი Naftna Industrija Srbije (NIS)-ის წილის გაყიდვას, უნგრეთის ეროვნულ კომპანია MOL-თანაც განიხილავენ.
ვუჩიჩმა ხაზი გაუსვა, რომ სერბეთის ხელმძღვანელობას ამასთან დაკავშირებით არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს.
„უნგრელები ჩვენი მეგობრები არიან. ჩვენ უბრალოდ ეს რაც შეიძლება სწრაფად, 15 იანვრამდე უნდა დავასრულოთ“, - თქვა სერბეთის პრეზიდენტმა.
სერბეთის უმსხვილესი ნავთობკომპანია NIS აშშ-ის სანქციების ქვეშაა. შეერთებული შტატები დაჟინებით მოითხოვს, რომ რუსულმა კომპანიებმა უარი თქვან NIS-ში თავიანთ წილებზე, რომელიც ამჟამად 56.2%-ს შეადგენს. სანქციების გამო, ბელგრადის მახლობლად, ქალაქ პანჩევოში NIS-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიხურა.