უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ლუის მონტენეგრომ შაბათს კიევში საზღვაო დრონების წარმოების შესახებ პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.
მხარეებმა საზღვაო დრონების ერთობლივი წარმოების შესახებ შეთანხმებას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის უკრაინაში პირველი ვიზიტის დროს მოაწერეს ხელი.
„ეს თავდაცვის სფეროში ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სფეროა.
მნიშვნელოვანია შედეგების დანახვა. ჩვენი ევროპის ყველა ნაწილს უნდა ჰქონდეს საკმარისი ძალები ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად და თანამედროვე დრონები ნამდვილი თავდაცვის ინსტრუმენტია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა პორტუგალიას PURL-ის პროგრამაში შეტანილი წვლილისთვის, რომელიც უკრაინას ამერიკული იარაღის შეძენის საშუალებას აძლევს, და უკრაინისთვის ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს გამოყოფის ერთობლივი ევროპული გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის.
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი კიევში დღეს ჩავიდა.