საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაშია, რომლის თარგმანსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ბრიტანეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ საქართველო შეძლებს საკუთარი ენერგოუსაფრთხოების დაცვას რუსულ ნავთობზე მზარდი დამოკიდებულების შემცირებით.
„უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. გაერთიანებულმა სამეფომ, 24 სახელმწიფოსთან ერთად, ხელი მოაწერა კონვენციას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის შექმნას. ამ ახალი ხელშეკრულებთ უპრეცედენტო ნაბიჯი გადაიდგა, რათა საზარელი დანაშაულების ჩადენისთვის რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ხელშეკრულება იმედისმომცემია ყველა იმ ოჯახისა და ადამიანისთვის, რომლებიც აგრესიის შედეგად დაზარალდნენ. ეს მკაფიო გზავნილია პუტინისთვის, რომ აგრესია და საერთაშორისო სამართლის დარღვევა უპასუხოდ არ დარჩება. კონვენციის ხელმომწერთა შორის არის საქართველოც, რომელიც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და მოითხოვს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.
ასევე, მიმდინარე კვირას გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა განცხადება გააკეთეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. სანქციების მთავარი სამიზნე რუსული ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებია, რომლებიც რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ომის საწარმოებლად.
გაერთიანებულმა სამეფომ უკვე დააწესა სანქციები რუსეთის ოთხ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ კომპანიაზე. ამ კვირაში დამატებითი ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ რუსული ნავთობი ჩაიხსნას გლობალური ბაზრიდან და სანქციები დაუწესდათ კიდევ ოთხ ნავთობმწარმოებელს და მათ ქსელებს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსული ნავთობით უკანონო ვაჭრობას.
ამ დრომდე გაერთიანებული სამეფოს სანქციები მოიცავდა რუსული ნავთობის წარმოების 83%-ს. თუმცა,რუსეთის სიდიდით მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე უმსხვილესი ნავთობკომპანიების დასანქცირებით,ჩვენ ვუახლოვდებით დარჩენილ 17%-ს.
მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად. “ჩრდილოვანი ფლოტი” არა მხოლოდ სანქციების გვერდის ავლას ცდილობს, არამედ უგულებელყოფს უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სტანდარტებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზღვაო უსაფრთხოებას.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველო შეძლებს დაიცვას საკუთარი ენერგოუსაფრთხოება, რუსულ ნავთობზე მზარდი დამოკიდებულების შემცირებით, რომელიც 2022 წლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და ამით ხელს შეუწყობს რუსული ომის მანქანისთვის შემოსავლების შემცირებას. რუსეთი არ არის სანდო ენერგო პარტნიორი, ხოლო ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკურ მედეგობას“, – ნათქვამია განცხადებაში.