კაია კალასმა საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ეუთო/ოდირის დასკვნა კარგად წაიკითხოს და გაარკვიოს, რა მოხდა. ქართველმა ხალხმა ის ხელისუფლება აირჩია, ვინც სურდა. შესაბამისად, ქართველ ხალხს ვინმე თუ სცემს პატივს, პირველ რიგში, იმ ხელისუფლების მიმართ უნდა გამოხატოს პატივისცემა, ვინც ქართველმა ხალხმა აირჩია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.
„ქართველი ხალხი ამ ყველაფერს აღარ იჯერებს, რადგან სიმართლე აბსოლუტურად სხვაგანაა. რაც შეეხება ბრიუსელს, ბრიუსელის ინტერესები მათ საწინააღმდეგოდ რომ რეალიზდება, ეს კარგად ჩანს ევროკავშირის ეკონომიკურ მოცემულობასთან დაკავშირებით. ბრიუსელში საპროტესტო აქციები იმართება და ფერმერების ნასროლი კარტოფილები მთელმა მსოფლიომ იხილა. კარგი იქნება, კაია კალასი თუ უპასუხებს კითხვებს, რატომ აქვთ პროტესტი, პასუხი გასცეს იმ ქვეყნებისთვის, რომელთა სურვილიცაა ევროკავშირში გაერთიანება. დიდ პოლიტიკურ რუკაზე საქართველოსთან მიმართებაში რა ინტერესი ჰქონდა ბრიუსელის ევროჩინოსნებს, რომლებიც არაფორმალური მმართველობის ქვეშ არიან, კარგად ჩანს იგივე დამოკიდებულებით, რაც ჰქონდათ უკრაინასთან მიმართებაში, თუ როგორი წაქეზება იყო. ომში ევროკავშირის არცერთი ქვეყნის ჯარისკაცი არ იბრძოდა, ყველაფერი უკრაინელებს შეატოვეს. ეს ყველაფერი როგორ დასრულდა, კარგად ჩანს. საქართველოსთან მიმართებაში ანალოგი რომ გავაკეთოთ, გადარჩენილები ვართ იმ უბედურებას, რაც უკრაინაში დატრიალდა. მიზეზია ის, რომ პატრიოტმა ხელისუფლებამ არ დაუშვა, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მომხდარიყო“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.