ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ლიდერები სამიტზე შეთანხმდებიან უკრაინისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაფინანსების საკითხზე.
მან გაიხსენა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უკრაინისთვის დაფინანსების დამტკიცების გზაზე მიიღო.
„პირველ რიგში, ევროპაში რუსული აქტივების გაყინვა ომის დასრულებამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინას რეპარაციებს არ გადაუხდის.
მეორე გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, უკრაინის 2026 და 2027 წლების ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას ეხება. და დღეს ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ამ გადაწყვეტილების განხორციელების ფორმის დამტკიცებაზე“, - განაცხადა კოშტამ.
მისი თქმით, ევროკომისიამ ამისთვის რამდენიმე ვარიანტი წარმოადგინა.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიმუშავეთ, განსაკუთრებით ერთ ვარიანტზე, რომელსაც ევროპის საბჭოში ძლიერი მხარდაჭერა აქვს და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამაზე დღეს და საჭიროების შემთხვევაში, ხვალაც ვიმუშავებთ, მაგრამ ამ საბჭოს არასდროს დავტოვებთ საბოლოო გადაწყვეტილების გარეშე, თუ როგორ დავაკმაყოფილოთ უკრაინის ფინანსური საჭიროებები 2026 და 2027 წლებისთვის“, - აღნიშნა კოშტამ.