ჩვენ, ქართველები ვხედავთ, რომ ჩვენ თვალწინ ბრიუსელი ანგრევს ევროპულ ცივილიზაციას და ამას ვხედავთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ამაზე უკვე ხმამაღლა საუბრობს აშშ – ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, სულ უფრო ხმამაღლა ისმის ევროპარლამენტში ევროპელი პატრიოტების ხმა, ევროკავშირში ჯერ კიდევ მძლავრად არიან ის რეგრესული ძალები, რომლებიც ევროკავშირს ევროპის ბნელი წარსულისკენ მიაქანებენ.
„ჩვენ ეს გუშინ თვალნათლივ დავინახეთ, როდესაც პირდაპირ ჩავხედეთ იმ ცივილიზაციურ უფსკრულს, რომლისკენაც ბრიუსელის ბიუროკრატია მიაქანებს დღეს ევროკავშირს. ვინმეს თუ აინტერესებს, რა არის ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, შეუძლია, ნახოს ევროპარლამენტის გუშინდელი სხდომა და ეს არის სრული ვიზუალიზაცია ცივილიზაციური უფსკრულისა, სადაც ევროპარლამენტის ეს პოლიტიკური ნაწილი დღეს იმყოფება. ჩვენ ვიხილეთ კომბინაცია იმ ყველაფრისა, რაც ევროპის ბნელი წარსულიდან მომდინარეობს. ეს არის ზიზღი, ეს არის ცივილიზაციური ქედმაღლობისა და აღმატებულობის პოზა, რომელსაც გუშინ ვუყურებდით. ეს არის ტყუილი, პროპაგანდა, დეზინფორმაცია და ეს ყველაფერი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იყო გაჟღერებული...
რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რაც, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც სრულად დასცილდნენ ევროპელი ხალხების დაკვეთას, არიან სრულად აღმსრულებლები რაღაც გეოპოლიტიკური, გლობალისტური მიზნებისა, რომლებსაც მათ ყურში უჩურჩულებენ არაფორმალური მმართველები. მეორე, ეს არის იმედგაცრუება ქართველი ხალხისთვის, რომელიც, გარდა იმისა, რომ მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ, თავად არის შემოქმედი ევროპისა, ევროპული ცივილიზაციისა, ევროპული ღირებულებებისა. ჩვენ, ქართველები ვხედავთ, რომ ჩვენ თვალწინ ბრიუსელი ანგრევს ევროპულ ცივილიზაციას და ამას ვხედავთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ამაზე უკვე ხმამაღლა საუბრობს აშშ – ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.