ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაერტმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს გენერალური პროკურორის მიმართ იმის გამო, რომ 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე ძალის შესაძლო არაპროპორციული გამოყენების საქმეებზე გამოძიებებში ხელშესახები პროგრესი არ შეინიშნება. ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს.
კომისარი ყურადღებას ამახვილებს და შეშფოთებას გამოთქვამს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული და პროკურატურისთვის გადაცემული გამოძიებების ეფექტურობაზე.
წერილში აღნიშნულია, რომ მაშინ, როცა მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები წინ წავიდა და გამამტყუნებელი განაჩენებით დასრულდა, პოლიციის მიერ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.
წერილში ნახსენებია საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნები, „რომლებიც მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მრავალრიცხოვან ბრალდებებს ადასტურებს, მათ შორის წამებისა და ქალი მომიტინგეების მიმართ სექსუალური ძალადობის სავარაუდო მუქარის შესახებ ცნობებს“.
წერილში ის ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენება სრულად უნდა იქნას შესწავლილი, რადგან ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს ძალის გამოყენების კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის შესახებ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც არსებობს ოფიციალური აღიარება, რომ საპროტესტო აქციების დროს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული.
„მიმაჩნია, რომ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების საკითხი უნდა განიხილებოდეს, როგორც მთავარი პროკურატურის მიერ 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გამოყენების გამოძიების ნაწილი, რადგან ეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის შესახებ მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს”, - აღნიშნულია წერილში.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოსთან დაკავშირებული პრაქტიკის გახსენებით, კომისარი მოუწოდებს სწრაფი, საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიებისკენ, ასევე, ითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილ ნებისმიერ ადამიანის უფლებათა დარღვევაზე და მოითხოვს განახლებულ ინფორმაციას გატარებული ზომების შესახებ.