უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ უკრაინა გეგმავს ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების 210 მილიარდი ევროს გამოყენებას რამდენიმე წლის განმავლობაში გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დასაფარად, მათ შორის იარაღის შესყიდვისთვის.
ამის შესახებ ზელენსკიმ ჰააგაში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ დიკ სხოოფთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რამდენიმე წელიწადში სრულად გამოიყენებს ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების 210 მილიარდ ევროს, რათა დააკმაყოფილოს გადაუდებელი ფინანსური საჭიროებები.
„ჩვენ ველოდებით, რომ 2026 წლისთვის 40-45 მილიარდი ევროს მიღებას შევძლებთ და ა.შ., სულ 210 მილიარდი ევრო“, - თქვა მან.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სურს რუსული სახსრების გამოყენება აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად, თუმცა მიყენებული ზარალის ღირებულება ისედაც იმდენად დიდია, რომ მისი დაფარვა არსებული ჩამორთმეული სახსრებით შეუძლებელია.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვსურს ამის გამოყენება ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად... ეს სამართლიანია, რომ რუსებმა გადაიხადონ ნგრევისთვის. მაგრამ 210 მილიარდიც კი არ იქნება საკმარისი. საერთო დანაკარგები სამჯერ მეტია“, - განმარტა მან.
ამის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ სასწრაფო ხარჯებისთვის, მათ შორის იარაღის შესაძენად სახსრების გამოყოფის აუცილებლობას.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ რუსეთის სახსრები გამოიყოს გადაუდებელი ხაეჯებისთვის, მათ შორის იარაღის შესაძენად. მან არ უარყო, რომ უკრაინა ამჟამად ამ დახმარების შემცირების წინაშე დგას.
„გაყინული აქტივები შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში მხარდაჭერის შემცირების კომპენსირებას ახდენდეს. მე ვერ ვხედავ უკრაინის შესაძლებლობას, მტკიცედ იდგეს ამის გარეშე. მე ვერ ვხედავ, რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთი დეფიციტის დაფარვა რაიმე სახის ბუნდოვანი ალტერნატივებით ან ბუნდოვანი დაპირებებით“, - თქვა ზელენსკიმ.