უკრაინისთვის რეალური სამშვიდობო პროცესის შანსი არსებობს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი არსებობს.
„ბოლო რამდენიმე დღისა და კვირის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გზის გაკვალვაზე. ყველამ ვიცით ამ ომის ფასი და ახლა დროა ვისაუბროთ მშვიდობის ფასზე. ეს მოიცავს უსაფრთხოების გარანტიების, ტერიტორიების და ეფექტური მექანიზმის საკითხებს, რომელიც გააკონტროლებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მის შესრულებას“, - განაცხადა მერცმა.
კანცლერმა ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების, სტივენ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის გადამწყვეტ როლს, რომელთა გარეშეც ეს დადებითი დინამიკა არ იქნებოდა.
მისი თქმით, უკრაინული, ევროპული და ამერიკული მხარეები ხუთ საერთო მიზანს მიჰყვებიან.
„პირველ რიგში, ოთხწლიანი ომის შემდეგ, ჩვენ გვსურს ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტს შეუნარჩუნებს.
მეორეც, ეს ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს უზრუნველყოფილი შეერთებული შტატებისა და ევროპელების მხრიდან მნიშვნელოვანი სამართლებრივი და მატერიალური უსაფრთხოების გარანტიებით.
ის, რაც აშშ-მა შემოგვთავაზა სამართლებრივი გარანტიების თვალსაზრისით, დიდ ყურადღებას იმსახურებს; ეს რეალური პროგრესია, რასაც ძალიან მივესალმები.
მესამე, ჩვენ ერთად ვამუშავებთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას - უკრაინელები, ევროპელები და ამერიკელები...
მეოთხე, ცეცხლის შეწყვეტამ არ უნდა იმოქმედოს უარყოფითად ევროკავშირის ერთიანობასა და სიძლიერეზე; პირიქით, მან კიდევ უფრო უნდა გაგვაერთიანოს.
და მეხუთე, ცეცხლის შეწყვეტამ უნდა შეინარჩუნოს უკრაინის ევროპული პერსპექტივა და ხელი შეუწყოს უკრაინის აღდგენას“, - განაცხადა მერცმა.