სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება რეალური დამნაშავეების განაჩენია. ყველანაირად გამოვიყენებთ ამ გადაწყვეტილებას, როგორც მტკიცებულებას მინისტრთა კომიტეტში, რათა შევუშალოთ ხელი საქმის გაყალბებას, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დიდი პალატის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ პროკურატურის ბრალდება შეთითხნილია.
„ვეთანხმებით სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმეზე. ეს არის ის, რასაც მუდმივად ვამბობდით. დიდი პალატის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ პროკურატურის ბრალდება შეთითხნილია, ეს არის პოლიტიკური დევნა და ეს ბრალდება დანაშაულის რეალური ავტორებისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზანს ემსახურება. ამასთან, დიდი პალატის გადაწყვეტილება რეალური დამნაშავეების განაჩენია. ყველანაირად გამოვიყენებთ ამ გადაწყვეტილებას, როგორც მტკიცებულებას მინისტრთა კომიტეტში, რათა შევუშალოთ ხელი საქმის გაყალბებას. ეს საქმე აუცილებლად იქნება სათანადოდ გამოძიებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში და დადგება რეალური დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი“, – აღნიშნულია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით პოლიციის მიერ პარლამენტის წინ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლას ეხება. 24 მომჩივანის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ორივე ასპექტის დარღვევა (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა/ეფექტიანი გამოძიების ნაკლებობა). 14 მომჩივანთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა (გამოხატვის თავისუფლება). ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ 11 მომჩივანის მიმართ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრების თავისუფლება).
ცნობისთვის, საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ საქართველოს პროკურატურამ ორ საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.