ტერაქტის საფრთხის გამო, შაბათ-კვირას საქართველოში ისრაელის დეპუტატების ვიზიტი გაუქმდა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქნესეთის წევრებს, მონაწილეობა უნდა მიეღოთ თბილისში "ისრაელის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმში.
ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, "ისრაელის სახლის" დამფუძნებელმა იციკ მოშემ დაუდასტურა.
ამასთან, მისივე თქმით, ისრაელის კვირეული თბილისში მაინც ჩატარდება, ქნესეთის წევრები ბიზნესფორუმში, სავარაუდოდ, დისტანციურად მიიღებენ მონაწილეობას.
იციკ მოშეს თქმით, საფრთხის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარესაც გადაეცა. ის დარწმუნებულია, რომ კონფერენციის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.