სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრა გამართა იუსტიციის საკითხებში სლოვაკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივან მილან ჰოდასთან.
პაატა სალიამ მილან ჰოდასს მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პაატა სალიამ სლოვაკეთის მხარეს გააცნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები ადამიანის უფლებების, პენიტენციური სისტემის, სერვისების განვითარებისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ხელოვნური ინტელექტის იუსტიციის სისტემაში ინტეგრაციის შესახებ და ამ პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე.
„საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელმა პირებმა განიხილეს ევროკავშირთან თანამშრომლობის კომპონენტი მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
შეხვედრაზე მხარეებმა მზაობა გამოხატეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების დანერგვის კუთხით, მათ შორის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და პენიტენციური სისტემის მართვის მიმართულებით“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სლოვაკეთის დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში გაიმართება.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ხატია წილოსანი.