პაპუაშვილს სასამართლოზე ადრე უმსჯელია და გამოუტანია ჩემთვის უკვე განაჩენი. ასეთ განცხადებებს რომ ავრცელებ ადამიანი, ან უვიცი ხარ, ან მავნებელი, - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
"პაპუაშვილს სასამართლოზე ადრე უმსჯელია და გამოუტანია ჩემთვის უკვე განაჩენი. ასეთ განცხადებებს რომ ავრცელებ ადამიანი ან უვიცი ხარ, ან მავნებელი.
ამხელა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ვარო რომ იძახი, ადამიანის უფლებებს რომ არ აღიარებ გასაგებია, მაგრამ არც კანონს იცავ, არც უდანაშაულობის პრეზუმფციას.
როგორც ჩანს ძალზედ შეშინებულია და ბოლო დროს მხოლოდ ჩემზე ფიქრობს. არ იდარდოს, საქართველოში ყველაზე მკაცრ ციხეში ვარ გამოკეტილი, ვერაფერს დავუშავებ. შეუძლია თავად მოვიდეს, ნახოს. აქაურობასაც შეძლებისდაგვარად დავათვალიერებინებ და იქნებ ადამიანის უფლებებიც უკეთ განვუმარტო.
ძალიან მკაფიოდ მინდა ხაზი გავუსვა, რომ პროტესტის ფორმის გამოსახატად და ასარჩევად არც არასდროს არავის დავალებები მიმიღია და შემისრულებია და არც მომავალში ვაპირებ. ასე მიცხოვრია მთელი ცხოვრების მანძილზე და ასეც გავაგრძელებ. თავიანთ თავებში ვეშლები.
ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან "ოცნებაშიც", ამაზე არიან გამწარებულები, აიჩხლართნენ, ხან რომელი ერთობიდან ითხოვენ ჩემს გარიცხვას და ხან რომლიდან. არც "ლელოს" წევრი ვყოფილვარ ოდესმე და მითუმეტეს არც "ალდეს", საიდან უნდა გამრიცხონ?
თავად "ოცნებას" კი მოვუწოდებ გაემიჯნოს პარლამენტის უვიც, უცოდინარ და ადამიანის უფლებების დამრღვევ თავმჯდომარეს," - წერს ელისაშვილი.
შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილმა რამდენჯერმე მიმართა" „ალდეს“, „ძლიერ საქართველოს“ და „მოქალაქეებს“, გაემიჯნონ ალეკო ელისაშვილის ქმედებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გახდებიან ტერორისტის მფარველები".