ახლახან წარდგენილი კანონი დემონსტრაციის უფლებას კიდევ უფრო ზღუდავს, - ასე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტის წარდგენას.
„ყველა საპროტესტო აქციას წინასწარ ნებართვა დასჭირდება, თუ მისი გამართვა „ხალხით სავსე საზოგადოებრივ ადგილებში“, ანუ თბილისის ყველა ცენტრალურ ლოკაციაზე იქნება დაგეგმილი. მთავარი სამიზნე ერთი წლის განმავლობაში რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციებია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარედგინა, რომლის მიხედვით, დგინდება სახელმწიფო ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება-მანიფესტაცია ხალხის მოძრაობის ადგილას იმართება. პროექტის თანახმად, თუ შეკრება-მანიფესტაცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებებისა და ხალხის გადაადგილებას, სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილი იქნება მანიფესტაციის მონაწილეებს მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან სვლაგეზის შესახებ მითითება მისცეს.